თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 7 საათზე გაიმართება, რომელზეც პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. სააკაშვილის დამცველი ადვოკატი ოთო კახიძე აცხადებს, რომ იგი პროცესზე დასწრებას ვერ ახერხებს, რადგან არც პროკურატურამ და არც სასამართლომ მას ამის შესახებ გონივრულ ვადებში არ შეატყობინა.
"ჩემთვის აქამდე არ უცნობებიათ. დღეს 4 საათზე დამირეკა პროკურატურამ და მითხრა, რომ გამოვცხადებულიყავი სასამართლოში. იცოდნენ რომ ვიყავი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს საზაფხულო სკოლაში ვატარებდი ლექციას და ვთხოვე რომ ეცნობებინათ, როდის აპირებდნენ შუამდგომლობის შეტანას, მაგრამ არ გააკეთეს გონუვრული ვადით ადრე. მე ფიზიკურად ვერ მოვასწრებ პროცესზე ჩამოსვლა, რითაც ირღვევა მიხეილ სააკაშვილის სამართლიანი სასამართლოს უფლება ვინაიდან მას ტოვებენ მის მიერ არჩეული დამცველის გარეშე", - განაცხადა ოთო კახიძემ.
პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი 28 ივლისს წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით "საქმე ეხება 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევას, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას."პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან და ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულია 100-მდე მოწმე, საქმეს ერთვის არაერთი ვიდეო ჩანაწერი, სხვადასხვა ექსპერტიზის დასკვნები და სხვა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტები. საქმეზე გამოძიების მიერ შეკრებილი მხოლოდ დოკუმენტური მტკიცებულებები შეადგენს 80 ტომს.
სააკაშვილთან ერთად ბრალი წარედგინა ივანე მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილსა და გიორგი უგულავას. მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დავით კეზერაშვილის და გიორგი უგულავას მიმართ გამოიტანილია ბრალდების შესახებ დადგენილებები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის.
გამოძიება გრძლედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 დან 8 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები