საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის მუშაობაში ტენდენციურობას ამჩნევს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე პრემიერმა გუშინ, დიასპორული სტაჟირების პროგრამაში ჩართულ სტუდენტებთან შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი.
"ზოგადად, ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი, ობიექტური, მიუკერძოებელი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მუდმივად იქნება მოწოდებული იმისკენ, რომ მთავრობა გააკრიტიკოს და მიუთითოს იმ ხარვეზებზე, რომელიც შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს გამოწვევები ამ მიმართულებით. მე არ მსურს, რომ გავაკრიტიკო სამოქალაქო სექტორი, მაგრამ ერთ მაგალითს გეტყვით – რამდენიმე კვირის წინ, საქართველოში ევროკავშირიდან ჩამოსულიყო იყო ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც პირად საუბარში მითხრა, რომ შეხვედრა ჰქონდა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დარჩა გაოცებული, რადგან უთხრეს, რომ ისინი ემხრობიან მთავარ ოპოზიციურ ძალას, რადგან ის დღითიდღე სუსტება. მთავარი არგუმენტაცია იყო, რომ სუსტის დაცვა სურთ. ეს აბსოლუტურად დამახინჯებული მიდგომაა. ეს ადამიანი იყო გაოცებული, რადგან ფიქრობს, რომ როცა წამყვან არასამთავრობოებს აქვთ ასეთი მიდგომა, ეს ძალიან დიდ სირთულეზე მიუთითებს. მან უთხრა ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა გადაიხაროს არასამთავრობო სექტორი – არც მთავრობისკენ, არც ოპოზიციისკენ, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა. ტენდენციურობა არ უნდა იყოს გამოკვეთილი. ხშირად ვერ გაურჩევიათ, სად გადის ობიექტურობის ზღვარი. ამ ზღვარის დადგენაა არასამთავრობო სექტორის მთავარი გამოწვევა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ობიექტური კრიტიკისთვის მზად არის, რადგან გაძლიერებაში ეხმარება, თუმცა უსამართლო კრიტიკას ვერ მიიღებს.
"თუ ობიექტურადაა გასაკრიტიკებელი მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა გააკრიტიკო და ამ კრიტიკისთვის მე პირადად მზად ვარ, რადგან მიმაჩნია, რომ თუ ვინმე სამართლიანად მაკრიტიკებს, ეს მე დამეხმარება და გამაძლიერებს, მაგრამ თუ ვიღაც სუბიექტურად მაკრიტიკებს იმის გამო, რომ სხვა პოლიტიკური ძალის ინტერესები გამოხატოს, ესაა უსამართლობა და ამ კრიტიკას არ მივიღებ", - განმარტა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები