ექსპრეზიდენტისა და შს ყოფილი მინისტრის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება
“გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მხილებულ იქნენ ამ დანაშაულის ორგანიზატორები: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი.
აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილებები მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
გამოძიებით დადგინდა შემდეგი: 2005 წლის 29 ივნისს, გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი წევრის ვალერი გელაშვილის სტატია სათაურით „ვალერი გელაშვილი თავის სახლს სააკაშვილს დაუთმობს“. აღნიშნულ სტატიაში ვალერი გელაშვილი გამოთქვამდა უკმაყოფილებას მოქმედი პრეზიდენტის მიმართ, კერძოდ იმასთან დაკავშირებით, რომ მას წაართვეს ქონება, რომლის ღირებულებასაც არ უნაზღაურებდნენ. ამავე სტატიაში მან შეურაცხმყოფელი ფორმით ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ.
აღნიშნული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის სამაგალითოდ დასჯის მიზნით, პირადი შურისძიების მოტივით, საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა მოეხდინა ვალერი გელაშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება, რაზედაც ირაკლი ოქრუაშვილისაგან მიიღო უარი. ამის გამო, მიხეილ სააკაშვილმა ვალერი გელაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორება დაავალა საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელ მინისტრს ივანე მერაბიშვილს.
ვალერი გელაშვილის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2005 წლის 14 ივლისს, თუმცა იმ პერიოდში საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად არ განხორციელებულა არცერთი ქმედითი საგამოძიებო მოქმედება და 2013 წელს საქმეზე გამოძიების განახლებამდე აღნიშნული ფაქტი იყო გაუხსნელი.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ხსენებულ ფაქტზე, 2014 წლის 24 აპრილს პასუხისგებაში მიეცნენ ერეკლე კოდუა და გიორგი სირაძე სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით და ვინაიდან ისინი თავს არიდებენ გამოძიებას, მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი საქართველოს პროკურატურის მიერ სრულად გახსნილია და ამ დანაშაულისთვის ბრალდებები გამოტანილია მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუას და გია სირაძის მიმართ.
მიხეილ სააკაშვილის და ივანე მერაბიშვილის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 3-დან 8-წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს”, - განაცხადეს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები