ავღანეთში ISAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთეს.
მოქალაქეობრივი ვალის მოხდის მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავღანეთში ქართული სამშიდობო
კონტინგენტისთვის სპეციალური საარჩევნო უბნების მოწყობა უზრუნველყო.
საარჩევნო უბნები ქართველი ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ ბაზებზე მოეწყო. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გახსნილ თორმეტ საარჩევნო უბანზე მისცეს. ავღანეთში დისლოცირებული ქართული სამხედრო კონტიგენტის პირადმა შემადგენლობამ საკუთარი არჩევანი საარჩევნო ბიულეტინებზე დააფიქსირა, რის შემდეგაც ცესკო-ს წარმომადგენლებმა ბიულეტინები გადასატან საარჩევნო ყუთებში მოათავსეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესმა მსოფლიოს ყველაზე ცხელი ქვეყნის ყველაზე ცხელ, ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩაიარა. მათივე თქმით, კადრში ჩანს ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან არსებული ავღანური სოფელი, რომელიც თალიბების მიერ არის გამაგრებული. მიუხედავად ყოველ წამს მოსალოდნელი საფრთხისა, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო და ქვეყნის გარეთ მყოფ ქართველ სამხედროებს საშუალება მისცა გაეკეთებინათ თავიანთი არჩევანი.
ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა "ქართული ოცნების", "ევროპელ-დემოკრატებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ყველა მხარის წარმომადგენელი ერთხმად აღნიშნავდა, რომ მიუხედავად საომარი ვითარებისა, კენჭისყრის პროცესის ნორმალურად ჩატარებისთვის ყველა პირობა იყო შექმნილი. დელეგაციის წევრები ქართულ მისიაში ჩატარებულ არჩევნებს პოზიტიურად აფასებენ. დღეისათვის, ავღანეთში სამშვიდობო მისიას, ჰელმანდის პროვინციაში, მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი და მე-3 ქვეითი ბრიგადის 32 ბატალიონი ასრულებს, რომელიც ამჟამად როტაციის პროცესში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები