საფრანგეთიდან მიღებული მასალების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო ორგანოში დაკითხვის მიზნით გიორგი ხაინდრავა დაიბარეს, - ამის შესახებ ოფიციალური განცხადება იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დღეს გაავრცელა მასალა, რომელიც ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააცნო. მისი განმარტებით, ფრანგული მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისათვის უმნიშვნელოვანესს საკითხებს ეხება.
ზოდელავას თქმით, "კანონიერი ქურდების" ოპოზიციის წარმომადგენელთან შეხვედრის მიზანს საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, "მხედრიონის" ტიპის ფორმირების შექმნა და "ქურდების" გავლენის აღდგენა წარმოადგენდა.
"რამდენიმე კვირის წინ ქართულმა მხარემ მიიღო ინფორმაცია საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიისაგან, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების უსაფრთხოებისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება.
დღეს, 25 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრაგეთის სასამართლოს სანქციით, ქართველ სამართალდამცველებს ოფიციალურად გადმოეცა ეს მასალა.
საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენელსა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მდგომ კანონიერ ქურდებს შორის შედგა შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოში დესტაბილიზაციისა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და "მხედრიონის" მსგავსი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას.
ინფორმაცია არის ქართულ ენაზე და წარმოადგენს საფრანგეთის რესპუბლიკის ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ზუსტ თარგმანს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქართული სამართალდამცავი ორგანოები აწარმოებენ ინტენსიურ გამოძიებას", - განაცხადა ზოდელავამ.
მასალის გამოყენების პირობები