ვაკის პოლიციის განყოფილებაში გოგა ხაინდრავას დაკითხვა დასრულდა. მან პოლიციის შენობა სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ დატოვა.
გოგა ხაინდრავას განცხადებით დაკითხვაზე ე.წ კანონიერ ქურდ, რეზო ლორთქიფანიძესთან მეგობრობაზე და მასთან შეხვედრის დეტალებზე ჰკითხეს.
„რეზო ლორთქიფანიძე არის ჩემი მეგობარი, ის საფრანგეთის საავადმყოფოში იწვა ამ დროს მე პარიზში ვიყავი კონფერენციაზე, სადაც ჩემი ფილმი მქონდა ჩატანილი და რეზო მოვინახულე“ - განაცხადა მან.
გოგა ხაინდრავას განცხადებით მასზე პოლიტიკური დევნა ხორცილდება. "სააკაშვილი კოლაფსშია იმ გამოხმაურების გამო რაც ჩემს მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმს მრავალ ქვეყანაში ჰქონდა. ეს ფილმი, მასში შესული მასალებით არის საკაშვილის განაჩენი“-აცხადებს გოგა ხაინდრავა.
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით კი, პირველ რიგში ის დაინტერესდა იმით, თუ რა მუხლით მიმდინარეობდა ძიება. გელა ნიკოლაიშვილის განმარტებით, გამოძიება მიმდინარეობს 223 პრიმა მუხლით, სადაც პირველი ნაწილი
შეეხება კანონიერ ქურდებს და მეორე ნაწილი ქურდულ სამყაროს. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, პოლიციაში განაცხადეს, რომ გამოძიება სწავლობს ფულის გათეთრების საკითხს. სამართალდამცველებს სხვა დეტალები არ დაუკონკრეტებიათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისთვის მოწოდებული მასალების საფუძველზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოების მიერ განხორციელდა გიორგი ხაინდრავას პირველადი დაკითხვა.
საქართველოს მთავარი პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ზემოთ აღნიშნული მასალების საფუძველზე დაწყებულ გამოძიებას.
გიორგი ხაინდრავას შემდგომი დაკითხვა 27 სექტემბერს შედგება.
მასალის გამოყენების პირობები