იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში პატიმრების წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი წამებისათვის ბრალდებულად არის ცნობილი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულების ოპერატიული მორიგე ვლადიმერ ბედუკაძე. ვლადიმერ ბედუკაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეეფარდა დაპატიმრება და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
"საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სრულყოფილი და დროული განხორციელება, რის გამოც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მიმართოს ბელგიის მხარეს საქმის შემდგომი გამოძიების საწარმოებლად.
ვლადიმერ ბედუკაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის მასალები შემდგომი სამართალწარმოების მიზნით, დღეს გადაეგზავნა ბელგიის იუსტიციის სამინისტროს.
სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაგზავნა განხორციელდა სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის 21-ე მუხლის შესაბამისად"- ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარე გააგრძელებს თანამშრომლობას ბელგიელ კოლეგებთან და მიაწვდის მათ მოპოვებულ ნებისმიერ დამატებით მტკიცებულებას.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურა ცალსახად ადასტურებს პატიმართა მიმართ წამების, გაუპატიურებისა და სხვაგვარი არაადამიანური მოპყრობის ფაქტების არსებობას, რაც დადასტურებულია გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით. ამ ეტაპზე დაკავებულია 19 პირი.
დანაშაულებში მონაწილე სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება ინტენსიური გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები