მოსკოვი იმედოვნებს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეეცდება, "თუმცა მოლაპარაკებები ამ უკანასკნელთა სტატუსის შესახებ შეუძლებელია", - განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.
"იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება, როდესაც ის ჩამოყალიბდება ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების ხაზსს გაატარებს",_ განაცხადა სერგეი ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრთან დავიდ სანაკოევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
სერგეი ლავროვი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვში საქართველოში გამართულ არჩევნებს ამ ქვეყნის შიდა საქმედ განიხილავენ, თუმცა მათში ქართველი ხალხის განწყობას ხედავენ ცვლილებების სურვილში.
"საქართველოში გამართულ არჩევნებს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებად მივიჩნევთ, რომელმაც ხმა მისცა ცვლილებებს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ცვლილებები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელისუფლებას თავის მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზაციის გზაზე იაროს",_ განაცხადა ლავროვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენელთან ერთად - "მათ დაადასტურეს აუცილებლობა გაგრძელებულ იქნეს სავალდებული ხელშეკრულებების გაფორმებისკენ მიმართული ძალისხმევა, რომელიც ძალის გამოუყენებლობას ეხება და რომლებიც თბილისის მხრიდან გამორიცხავდა იმ ავანტიურის განმეორებას, რომელიც 2008 წლის აგვისტოში იქნა განხორციელებული", _ განაცხადა ლავროვმა
.
მასალის გამოყენების პირობები