საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში კლინტონის გლობალური ინიციატივის პლენარულ სესიას დაესწრო, რომელზეც პოლიტიკოსები, საერთაშორისო ლიდერები, აკადემიური და ბიზნესწრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გლობალურ გამოწვევებს განიხილავენ.
„ვიდგეთ სამოქალაქო საზოგადოების გვერდით“, - ამ სიტყვებით მიმართა პლენარული სესიის მონაწილეებს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
“აქ შეკრებილი ვართ პრეზიდენტები, პრემიერები, სახელმწიფოს ლიდერები, მაგრამ ჩვენ არ ვართ მთავარი ფიგურები - მთავარი არის სამოქალაქო საზოგადოება!” - განაცხადა ობამამ.
პლენარულ სესიაზე საუბრის მთავარი თემები იყო საზოგადოებრივი ჯგუფების ინოვაციები - მსოფლიოში სიღარიბის დაძლევის, ჯანსაღი საკვების ხელმისაწვდომობის, წყლისა და სანიტარული პირობების აუცილებლობის მიმართულებით.
ღონისძიება ბილ კლინტონის ორგანიზებით გაიმართა. პრეზიდენტმა კლინტონმა სესიაზე სიტყვით გამოსვლისას მსოფლიო საზოგადოებას გლობალური პრობლემატიკის დაძლევის საკითხებში მეტი ჩართულობისა და ერთიანობისკენ მოუწოდა.
მასალის გამოყენების პირობები