ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდი დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს .
"საქართველოს მხარემ ხაზგასმით აღნიშნა IPRM-ის დროულად აღდგენის მნიშვნელობა, რომელიც წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქმედით მექანიზმს. სამწუხაროდ, საქართველოს მხარის კონსტრუქციული წინადადებების მიუხედავად, რომლებიც თანათავმჯდომარეებმაც გაიზიარეს, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელს ანდრჟეი ტიშკევიჩს კვლავ არ აქვს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა. თანათავმჯდომარეებმა მოიწონეს რეგიონში რუსეთის სამხედრო მანევრების მიმდინარეობისას საქართველოს მხრიდან გამოჩენილი თავშეკავება. თანათავმჯდომარეებმა შეშფოთებით აღნიშნეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე, ცხინვალი რეგიონში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ შეინიშნებოდა სამხედრო ძალების კონცენტრაცია, რაც 2008 წლის შემდეგ უპრეცენდენტო ფაქტს წარმოადგენს. თანათავმჯდომარეებმა მონაწილეებს მოუწოდეს უზრუნველყონ სამხედრო ნაწილების გადაადგილების გამჭვირვალობა. მონაწილეებმა განიხილეს ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა. საქართველოს დელეგაციამ მკაფიო პროტესტი დააფიქსირა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსული საჰაერო ხომალდების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცეში მრავალგზის უკანონო შემოჭრასთან დაკავშირებით. სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმების, ასევე მოსკოვის წარმომადგენლებმა ერთობლივი ძალისხმევა გასწიეს ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატის შეცვლის მიზნით, რომელიც ითვალისწინებდა მონაწილეთათვის დელეგაციების სტატუსის მინიჭებას და მეორე სამუშაო ჯგუფის ჰუმანიტარულ საკითხთა დღის წესრიგის დაქვემდებარებას სტატუსზე ორიენტირებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე. საქართველოს დელეგაციის წევრებმა და თანათავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ჟენევის მოლაპარაკებათა შეთანხმებული ფორმატის უცვლელად დატოვების გადამწყვეტი მნიშვნელობა. მათ ასევე მიუთითეს, რომ ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა საკითხები შესაძლებელია და განხილულ უნდა იქნას იმ პროცესის ფარგლებში, რომელიც განცალკევებულია საბოლოო პოლიტიკური შეთანხმებისგან. საქართველოს დელეგაციის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის მნიშვნელობა, რომელიც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე მდგარი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. საქართველოს მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა გალის რაიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებზე ბოლო დროს დაწესებულ შეზღუდვებთან, კერძოდ, განათლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. პროგრესი არ დაფიქსირებულა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებთან მიმართებაში, რომლებიც განიხილეს მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლები კვლავაც აგრძელებდნენ ამ უმნიშვნელოვანესი ჰუმანიტარული საკითხების დაბლოკვას. უპასუხოდ დარჩა საქართველოს მხარის წინადადება, რომელიც შეეხებოდა მოლაპარაკებათა წინა რაუნდზე გარკვეული კატეგორიის პირებისთვის საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს არსებულ სასაფლაოებზე, კულტურულ და რელიგიურ ადგილებზე ჰუმანიტარული ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობის მიცემას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რაც შეეხება მეორე სამუშაო ჯგუფს, მის ფარგლებში, საქართველოს მონაწილეებმა თანათავმჯდომარეებს მიაწოდეს ფაქტობრივი მონაცემები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მათ შორისა ისეთ უფლებებზე, როგორიც არის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფლება დევნისა და თვითნებური დაკავებისგან, გადაადგილების თავისუფლება.
"განსაკუთრებით მწვავე შეშფოთება გამოითქვა ლეონიდ თიბილოვის მიერ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ქართული ნასოფლარების განადგურების გეგმებს. გაჟღერდა მოწოდება უზრუნველყოფილ იქნას ადგილზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია გაიგზავნოს პოზიტიური სიგნალი კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისათვის, რისთვისაც ყველა მხარემ მკაფიოდ უნდა დაადასტუროს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მთავარი პრინციპებისადმი ერთგულება", - აღნიშნულია განცხადებაში.
ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდს თანათავმჯდომარეობდნენ გაეროს, ევროკავშირისა და ეუთო-ს, რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქართული მხარიდან მასზე საპარლამენტო უმრავლესობის ახლადარჩეული წევრები პაატა ზაქარეიშვილი და გიორგი ვოლსკიც იყვნენ წარმოდგენილები. ჟენევის მოლაპარაკებათა 21-ე რაუნდს ასევე ესწრებოდნენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ასევე ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რიგით 22-ე რაუნდი გაიმართება 2012 წლის დეკემბერში.
მასალის გამოყენების პირობები