მთავარი პროკურატურა შესაძლოა, იუსტიციის სამინისტროს გამოეყოს და ცალკე ინსტიტუტად - გენერალურ პროკურატურად ჩამოყალიბდეს.
ამის შესახებ For.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრეს-კონფერეციაზე კოალიცია "ქართული ოცნების" მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
"მე ვფიქრობ, რომ მთავარი პროკურატურის ინსტიტუციონალური მდგომარეობა გადასახედია. დღევანდელი კანონმდებლობით მთავარი პროკურორი იუსტიციის მინისტრს ემორჩილება, გამოდის, რომ მინისტრს ყველა ის უფლება გააჩნია, რაც მთავარ პროკურორს, მას ასევე შეუძლია, პროკურორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, რომ გენერალური პროკურატურა უნდა აღდგეს და ის იუსტიციის სამინიტროს უნდა გამოეყოს. გენერალური პროკურორი უნდა დაინიშნოს პრეზიდენტის ან პრემიერ-მინიტრის წარდგენით და პარლამენტის თანხმობით. გენერალური პროკურორის გადაყენება უნდა მოხდეს იმპიჩმენტის წესი", - განაცხადა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, გენერალურ პროკურატურას უნდა დაემატოს კიდევ ერთი ცალკე დეპარტამენტი, რომელიც უკვე დასრულებულ საქმეებს შეისწავლის.
"ვფიქრობ, გენერალურ პროკურატურას უნდა დაემატოს ის ფუნქცია, რომლითაც ის უკვე დასრულებულ საქმეებს შეისწავლის. თუ მაგალითად, რომელიმე საქმემ საქართველოში ყველა ინსტანცია გაიარა და გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, ამ შემთხვევაში, დღევანდელი კანონმდებლობით, ფაქტის თავიდან გამოძიება არ შეიძლება, თუ რაიმე ახალი გარემოება არ დაემატა საქმეს. მე ვფიქრობ, რომ თუ კი პირი მიიჩნევს, რომ განაჩენი არასწორად იქნა გამოტანილი, მაშინ მას უნდა მიეცეს საშუალება გენერალურ პროკურატურას მიმართოს და კონკრეტულად განსაზღვრულ ვადებში აღნიშნული საქმე უნდა გადაიხედოს. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საქმეების შესასწავლად გენერალურ პროკურატურაში ცალკე დეპარტამენტი უნდა შეიქმნას", - განმარტა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები