ამირან გამყრელიძემ მინისტრობაზე უარი თქვა. ამის შესახებ მან განცხადება გაავრცელა.რადიო ათინათი განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"გულწრფელი მადლობა ბატონ ბიძინას და კოალიცია ქართულ ოცნებას დიდი ნდობისთვის, როცა გასული კვირის ორშაბათს დავსახელდი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად ახალ კაბინეტში. ეს უდიდესი პატივია და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა, როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე სათავეში უდგები ყველაზე უფრო სათუთსა და მგრძნობიარე დარგს - მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვას, სფეროს რომელთანაც შეხება აქვს საქართველოს თითოეულ მოსახლესა და ოჯახს.
მოგეხსენებათ ეს სფერო ჩემთვის უცხო არ გახლავთ და ბატონ ბიძინასთან პირველი შეხვედრისას მე ჩემს თავს უფრო მრჩევლის რანგში მოვიაზრებდი როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და თავს ვიკავებდი თანამდებობაზე დანიშვნისგან ორი მიზეზით - როგორც ძველი მთავრობის ერთ-ერთი სახე და ასაკი. ეს მიზეზები არ იქნა მხედველობაში მიღებული და მე დავთანხმდი შემოთავაზებას მხოლოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოების გამო, რამეთუ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის ჯანმრთელობა ბატონი ბიძინას მიერ გამოცხადდა პოლიტიკურ პრიორიტეტად.
თუმცა ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის "ალდაგი ბი სი აის" გენერალური დირექტორი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები.
ამასთან დაკავშირებით უკანასკნელ დღეებში რამდენიმეჯერ მქონდა კონსულტაციები ბატონ ბიძინასთან (ბოლოს გუშინ) და მივიღე გადაწყვეტილება, რომ უარი ვთქვა შემოთავაზებულ თანამდებობაზე, რათა არ ვიყო ბარიერი ჩემი ოჯახის მომავალი თაობის განვითარების გზაზე, ოჯახის, რომლის რეპუტაცია არასოდეს შელახულა და დარწმუნებული ვარ არც შეილახება.
ჩვენ დიდი გამოწვევის წინაშე ვართ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის ჯანმრთელობა გამოცხადდა ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ პრიორიტეტად, რამეთუ ხელისუფელაბაში მოსულ გამარჯვებულ ძალას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ჯანმრთელი და განათლებული საქართველო მთავარი საწინდარია ქვეყნის განვითარებისა.
ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა - ჯანმრთელი საქართველოსთვის.
ასევე მსურს გაუწყოთ ჩვენი ერთობლივი შეთანხმება ბატონ ბიძინასთან, რომ მე დავრჩები მის მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები