პოლიტიკა
"თავისუფალი ზონის" დაკავებული წევრების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
"თავისუფალი ზონის" წევრების, ფარნაოზ ჭკადუასა და დავით გოგოხიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქალაქო სასამართლო დღევანდელ პროცესზე ჭკადუასა და გოგოხიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ჭკადუას პროცესი 12:00 საათზე, გოგოხიასი კი 13:00 საათზე გაიმართება. ფარნაოზ ჭკადუა და დავით გოგოხია 30 ოქტომბერს დააკავეს. ჭკადუას ბრალად ჟურნალისტ ზაზა დავითაიას ცემა ედება, დავით გოგოხიას კი, ინციდენტის ადგილზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი ზაზა დავითაია 30 ოქტომბერს სცემეს. დაზარალებულმა განაცხადა, რომ მას თავს "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები დაესხნენ. მისი კოლეგა ჯაბა ხუბუა კი ამბობს, რომ ზაზა დავითაია რედაქციაში მიდიოდა, როდესაც შარტავას ქუჩაზე "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები თავს დაესხნენ. ხუბუას ინფორმაციით, მათ შორის იყო "თავისუფალი ზონის" ერთ-ერთი ლიდერი ფარნაოზ ჭკადუა.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები