საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი წარადგინა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს 10-დღიანი ვადა აქვს მთავრობის სრული შემადგენლობის წარსადგენად და ახლად არჩეულ პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად. "ჩვენ ვცდილობთ, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ზედმიწევნით დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით გაწერილი ის პროცედურები, რომლებიც არჩევნების შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირების დაწყებისა და საქართველოს მთავრობის ფორმირებას ემსახურება. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შერჩეულ იქნა პირველ ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიციის "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. საქართველოს კონსტიტუციის ამავე მუხლის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატს აქვს 10-დღიანი ვადა, რათა მოხდეს მთავრობის სრული შემადგენლობის წარმოდგენა, მისი შემდგომი ნდობის მიღებისთვის ახლად არჩეულ პარლამენტში წარსადგენად", - განაცხადა მანანა მანჯგალაძე.
მასალის გამოყენების პირობები