საინფორმაციო საგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ანაკლიაში მიწების ჩამორთმევის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართონ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კბილაშვილმა განუცხადა, სხვა საქმეების მსგავსად, ამ საქმის გამოძიებაც დაიწყება.
"ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ვფლობ. საკადრო საკითხების გადასაწყვეტად ჩვენ ერთკვირიანი ტაიმ-აუტი გვაქვს აღებული. სამშაბათს, როცა ეს ერთი კვირა ამოიწურება, მე საქმეების გამოძიების დაწყების შესახებ გამოვაცხადებ. მანამდე კარგი იქნება, რომ ამ ადამიანებმა მოგვმართონ წართმევისა და დანაშაულის შესახებ, რათა წყარო ასეთი განაცხადი იყოს და არა ინტერნეტით გავრცელებული. პრინციპში ისიც წყაროა და პრობლემა არ არის, თუმცა როდესაც განაცხადი ოფიციალურად შემოვა, ვალდებულები ვართ მივიღოთ და მოკვლევა დავიწყოთ", - აღნიშნა მთავარმა პროკურორმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2009-2010 წლებში ხელისუფლების წარმომადგენლები ანაკლიაში მიწების ხელში ჩაგდების მიზნით, მიწის მესაკუთრეებზე ზეწოლას ახორციელებდნენ. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში დაზარალებულები ღიად საუბრობენ მათზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე. მათი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების დაპატიმრებით ან სამსახურიდან დათხოვნით იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ დათმობდნენ ქონებას.
ერთ-ერთი დაზარალებული იმაზეც საუბრობს, თუ როგორ ჰპირდებოდა ზაზა გოროზია სახელმწიფოს მიერ უკვე ჩამორთმეული მიწის სანაცვლოდ მესაკუთრეს კომპენსაციის გადახდას ან ალტერნატიულ ნაკვეთს იმ ტერიტორიაზე, სადაც სასტუმრო "ანაკლია" აშენდა.
მასალის გამოყენების პირობები