პარლამენტის ექვსი დამოუკიდებელი დეპუტატი საპარლამენტო ფრაქციად რეგისტრირდება. ახალი ფრაქციას- "უპარტიო , დამოუკიდებელი მაჟორიტარები" ქმნიან. გაერთიანებას სათავეში ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ლიპარტელიანი ჩაუდება, რეგისტრაციის საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განიხილა, დასკვნა კი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.
ხუთ მაჟორიტარულ ოლქში "ნაციონალური მოძრაობის" სახელით გასულმა დეპუტატებმა გოგი ლიპარტელიანმა, გოდერძი ბუკიამ, ენზელ მკოიანმა, კახა ოქრიაშვილმა და სერგო ხაბულიანმა უმცირესობაში გაერთიანებაზე უარი პარლამენტში შესვლისთანავე თქვეს. მათ რიგებს მოგვიანებით ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოზალიშვილიც შეუერთდა. გოზალიშვილის უმცირესობიდან წასვლით დამოუკიდებელ დეპუტატებს ფრაქციის შექმნის საშუალება მიეცათ.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის რეგისტრაციისათვის, ფრაქციის შექმნიდან ერთი კვირის ვადაში ფრაქციის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას თან ერთვის ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმა და წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე ეცნობება და პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები