პოლიტიკა
ლაშა ტუღუში - უმჯობესია, პარლამენტმა ვეტოს დაძლევაზე არ იფიქროს
უმჯობესია პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილების კორექტირება მოახდინოს და ვეტოს დაძლევაზე არ იფიქროს, - ამის შესახებ გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა , ე.წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ლაშა ტუღუშმა "ინტერპრესნიუსს" თემის კომენტირებისას განუცხადა.ლაშა ტუღუში პრეზიდენტის მიერ ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ვეტოს დადებას მიესალმება.
"პრეზიდენტი გამოვიდა ხალხის ინტერესიდან და არა ზოგიერთი პოლიტიკოსივით კონიუნქტურული, პარტიული ინტერესიდან. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. თუ სამოქალაქო საზოგადოების ხმას, უცხოელი ექსპერტების ხმას ვერ ისმენენ, იქნებ, პრეზიდენტის ხმა მაინც მოისმინონ. კარგად წაიკითხონ პრეზიდენტის დასაბუთება და იქნებ, თავიანთი გადაწყვეტილების კორექტირება მოახდინონ", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.მისივე თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული ვადები ადეკვატური არ არის, და ასეთი საჭირბოროტო საკითხების გაუთავებლად გადადება, რომელიც მთელ ქვეყანას ეხება, არ შეიძლება.
"ამდენი ხანი რა ვერ გაარკვიეს სად უნდა იყოს ე.წ.გასაღები და სად უნდა იყოს ბაზები. ასევე პრეზიდენტის დაშანტაჟება - წინა დღეს რომ მიაწვდი და გინდა თუ არა, ხელი მომიწერე, იმიტომ რომ თურმე ქვეყანა დაიქცა, სამართალდამცავი ორგანოები იქნებიან პარალიზებული თუ შენ ხელს არ მომიწერ- ეს არის პასუხისმგებლიანი პოზიცია? ეს მიდგომა აბსოლუტურად გაუგებარია. პრეზიდენტს სამართალდამცავ ორგანოებთან შეხვედრის სურვილი ჰქონდა და მათ დალაპარაკების თხოვნით მიმართა, რომ არ იკადრეს და არ შეხვდენენ საქართველოს პრეზიდენტს, ეს სწორი მიდგომაა? მიკვირს რატომ ახმოვანებენ ასეთ პოზიციას ის ადამიანები, რომლებიც მართლა იმსახურებენ პატივისცემას", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა.
საქართველოს პრეზიდენტმა ფარულ მოსმენებზე წვდომის ე.წ. გასაღებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, ამისთვის 76 ხმა არის საჭირო.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები