შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დაკავებულია. პროკურატურაში მოწმის სტატუსით მყოფი მინისტრი წუხელ, გვიან ღამით, დაკითხვის შემდეგ დააკავეს და ე.წ. მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხდებით, ბაჩო ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
მისი ინფორმაციით, დაკითხვისას შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდს. საუბარი იყო თანამშომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენებისა და სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების ფაქტებზე. ბრალის წარსადგენად პროკურატურას 48 საათიანი ვადა აქვს.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო. მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს ეხება. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები