საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას და სხვა დაკავებულ პირთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოვლენილ ახალ დანაშაულებრივ ეპიზოდთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე დეტალურად ისაუბრა
"გაცნობებთ, რომ სისხლის სამართლის საქმეში, რომლის გამოძიებაც ბაჩანა ახალაიას და სხვა პირთა მიმართ მიმდინარეობს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, გამოვლენილ იქნა ახალი დანაშაულებრივი ეპიზოდი.
კერძოდ, 2011 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით დილის 05:00 საათზე, დაზარალებულს, რომლის სახელსაც ამ ეტაპზე საჯაროდ არ ვასახელებთ, ბაჩანა ახალიას დავალებით საცხოვრებელ ბინაში მიაკითხა ბაჩანა ახალიასთან დაახლოებულმა პირმა, რომელმაც დაზარალებულს მოსთხოვა გაყოლოდა ქ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მას ელოდებოდა ბაჩანა ახალაია. დაზარალებული მიყვანილ იქნა რესტორანში, სადაც რესტორნის კუპეში მას დახვდნენ - ბაჩანა ახალაია, გიორგი კალანდაძე და სხვა პირები. იქვე იყვნენ ბაჩანა ახალაიას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები. ადგილზე მისული დაზარალებული ბაჩანა ახალაიას დავალებით გააკავეს მისი დაცვის წევრებმა. ამ დროს მათთან შევიდა დავით ჭაკუა, რომელმაც დაზარალებულს სკამი ჩაარტყა ბეჭის არეში და მას ხელ-ფეხით დაუწყო ცემა. დაზარალებულის ცემაში ჩაებნენ გიგი კალანდაძე და ბაჩანა ახალაია, რომლებიც დაზარალებულს იმავდროულად მოკვლით ემუქრებოდნენ. ცემა, მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა პერმანენტულად და დროგამოშვებით. ბაჩანა ახალაიამ ირონიულად შესთავაზა დაზარალებულს ხომ არ ჰქონდა მას სურვილი, მის საკუთრებაში მყოფი ძვირადღირებული ავტომანქანა ეჩუქებინა სასჯელაღსრულების დეპარტამენტისთვის. დაზარალებულმა ახალაიას თანხმობა განუცხადა იმ პირობით, რომ არ მოეკლათ და თავი დაენებებინათ. ამის შემდეგ დაზარალებულს დაარეკინეს მეუღლესთან, რომელსაც დაზარალებულმა სთხოვა, რომ მიეცა მანქანის გასაღები და გამოეტანებინა მანქანა მისი მეგობრისთვის, რომელიც მიაკითხავდა სახლში. ავტომანქანის მოყვანის შემდეგ ბაჩანა ახალაიამ დავალება მისცა დავით ჭაკუას და გამოძიებით დადგენილ კიდევ ერთ პირს, რომ ე.წ. "სპეცნაზის" შეიარაღებულ პირებთან ერთად წაეყვანათ დაზარალებული სადმე, სადაც დააბამდნენ და დაამწყვდევდნენ, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი. დაზარალებული გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში მდებარე გამოძიების მიერ დადგენილ ბინაში, სადაც იგი იმყოფებოდა 2011 წლის 13 სექტემბრის 21:00 საათამდე. ამის შემდეგ დაზარალებული მიიყვანეს ქ.თბილისში, ორთაჭალის ტერიტორიაზე განთავსებულ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შენობასთან, სადაც მას დაუბრუნეს კუთვნილი ავტომანქანა და გააფრთხილეს, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის ეამბნა.ბაჩანა ახალაიას მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის საკმარის საფუძველს იძლევა მტკიცებულებათა შემდეგი ერთობლიობა: დაზარალებულის და სხვა მრავალი პირის ჩვენება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მასალები. ამ დანაშაულებრივი ეპიზოდის გათვალისწინებით გუშინ ბაჩანა ახალაიას წარედგინა ბრალი და სასამართლოში შეტანილ იქნა შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით. გუშინვე ბრალი იქნა წარდგენილი ასევე გიორგი კალანდაძისა და ზურაბ შამათავას მიმართ და აღმკვეთ ღონისძიებად ასევე მოთხოვნილ იქნა პატიმრობა", განაცხადა კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები