ყოფილი შს მინისტრის ბაჩო ახალაია გლდანის #8 დაწესებულების დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ის წინასწარი პატიმრობის ვადას სწორედ გლდანში გაატარებს.
25 დეკემბერს კი, ახალაიას წინასასამართლო სხდომაა ჩანიშნული. ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 143-ე მუხლების შესაბამისად წარედგინა ბრალი.
ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღმკვეთი ღონისძიება წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ხოლო გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას 20-20 000 ლარიანი გირაო დაეკისრათ. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ადვოკატები ბაჩო ახალაიას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"პროკურატურის არგუმენტები, რომლის საფუძველზეც ახალაიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. 48-საათიანი ვადა გვაქვს იმისთვის, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გავასაჩივროთ და აღმკევთ ღონისძიებად ისევ გირაოს ან თავდებობის გამოყენება მოვითხოვოთ. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში სარჩელს ალბათ, დღეს შევიტანთ", - განმარტა ახალაის ადვოკატმა.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურ ზურაბ შამათავას სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხა - 20 ათასი ლარი ჯერ არ გადაუხდია. ადვოკატ დავით დეკანოიძის განცხადებით, ოჯახი თანხას აგროვებს.
"ჯარიმის გადახდა ჯერ არ მომხდარა, ოჯახი თანხას აგროვებს. 20 ათასი ლარი დიდი თანხაა, გამწარებულია ხალხი", - აღნიშნა დეკანოიძემ.
გაერთიანებული შტაბის უფროსმა გიორგი კალანდაძემ გლდანის ციხის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. კალანდაძის ადვოკატის გოგიტა გაბაიძის განუცხადებით შტაბის უფროსმა საპყრობილე გირაოს - 20 ათასი ლარის გადახდის სანაცვლოდ გამთენიისას დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები