ჟურნალ “ლიბერალი” ჟურნალის ზურამ ვარდიაშვილის მიერ პატიმარ ბაჩო ახალაიასთან ჩაწერილ ინტერვიუს ავრცელებს.
საქართველოს ყველაზე ცნობილი პატიმარი, თავდაცვისა და შსს-ს ექსმინიტრი ბაჩო ახალაია იზოლატორში სრულიად მარტოა. პატარა მაგიდა, რადენიმე ორსაართულიანი საწოლი და პირსაბანი - სულ ესაა, რაც მის საკანში შეგიძლიათ ნახოთ.
პატიმარს დაღლილი სახე აქვს, ბევრს ეწევა და დაბალ ხმაზე საუბრობს. ოდნავ წვერი მოუშვია, საწოლის კიდეზე, წელში მოხრილი ზის და საუბრისას ცდილობს, არ ჩაეძინოს.
ბრალდების ჩვენებები, სასამართლო პროცესი, ციხის კადრები, ბუნტი, კანონიერ ქურდებთან ბრძოლა, ლაფანყურის ოპერაცია… ეს არის თემები, რომლეზეც ბაჩო ახალაია მესაუბრა.
იზოლატორში როგორ გექცევიან?
ადმინისტრაციის მადლიერი ვარ, თავის საქმეს პროფესიონალურად აკეთებენ. ყველაფერი წესრიგშია.
უსაფრთხოების მიზნით თქვენი იზოლაცია გარანტირებულია?
რასაც ხედავთ, მეტ-ნაკლებად ეს ჩემი იზოლაციაა. ადმინისტრაცია ცდილობს ამას ხელი შეუწყოს, თუმცა ციხეში ჩემი იზოლაცია გარანტირებული ვერასოდეს იქნება. დღესვე რომ არავინ მეტაკებოდა, ეგ გასაგებია. საზოგადოების ინტენსიური ყურადღების ქვეშ ვარ.
როგორ შეაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თქვენთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ?
მე სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში მივესალმები, რომლითაც კალანდაძე და შამათავა გირაოთი გაათავისუფლეს, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რაც ჩემთან მიმართებაში გააკეთეს. რა აუცილებელი იყო პატიმრობის შეფარდება იმ პირობებში, როდესაც მე არსად გაქცევას არ ვაპირებდი?
მაგრამ თქვენ იყავით ქვეყნიდან გასული…
ის ერთთვიანი პერიოდი ყველა ვარიანტში უნდა გავსულიყავი, იმ მიზეზის გამო, რომ დამატებითი პროვოკაციები არ მომხდარიყო. ავრცელებდნენ ხმებს, რომ თითქოს რაღაც იარაღი გვქონდა სადღაც გადამალული და ბანდფორმირებები გვქონდა შექმნილი. და რადგან ამ ყველაფრის უკან მე მოვიაზრებოდი, მარტივად გადავწყვიტე და ქვეყნიდან გავედი. ამის შემდეგ ეს საუბრები შეწყდა და თემები შეიცვალა, რომ თითქოს ფული გავიტანე და ბრაზილიაში წავედი.
რას არ უთითებდნენ ჩემზე, მაგრამ როდესაც დავრწუნდი, რომ საფრთხედ ვეღარ წარმომაჩენდნენ, ავდექი და დავბრუნდი. ყველა კონკრეტულ კითხვაზე, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იყო, კონკრეტული, არგუმენტირებული პასუხები მქონდა, მინდოდა ხალხისთვის ინფორმაცია შეძლებისდაგვარად მიმეწოდებინა.
ღიად და საჯაროდ ჩამოვედი, და ჩემი ამოცანის შესახებ განვაცხადე. პოლიტიკური მიზანი არ მქონია, ეს გადწყვეტილება ჩემს შინაგან წუხილს ეყრდნობოდა. მსურდა საზოგადოებასთან დეტალებზე მესაუბრა.
მართლა ბრაზილიაში იყავით?
ბრაზილია კი არის ჩემი ოცნების ქვეყანა, მაგრამ საერთოდ ამერიკის კონტინეტზეც არასდროს ვყოფილვარ. სტამბოლში ვიყავი.
მთელი პრობლემა იმაშია, რომ იმდენი ტყუილია, ზოგ რამეს კინაღამ მეც ვიჯერებ.
როდესაც ბრუნდებოდით, არ ელოდით, რომ დაგაკავებდნენ?
რა თქმა უნდა, ველოდი, ეს გარდაუვალი იყო, მაგრამ ასე სწრაფად და უნიათოდ თუ მოკიდებდნენ ხელს ამ საქმეს, არ მეგონა.
როდესაც პროკურატურიდან დამიკავშირდნენ რიკოთზე ვიყავი. მანქანა იმავე წამს მოვატრიალე და პროკურატურაში გამოვცხადდი.
ამ ორი დღის განმავლობაში ორმოცდაათი მანქანა მაინც მაცილებდა. ოღონდ ისე კი არა, როგორც პოლიცია ვინმეს უთვალთვალებს ხოლმე, აი, ასე, ღიად მომყვებოდნენ. ვაჩერებდი, - აჩერებდნენ. გადმოვიდოდი, - გადმოდიოდნენ…
რამდენად საფუძვლიანია ის ბრალდებები, რომლითაც დაგაკავეს?
რაღაც - რაღაცებს ჭკვიანურად ალაგებენ. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით მხოლოდ მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა… მოწმეზე აგებული ჩვენებებით ამხელა ბრალის წყენება ძალიან რთულია. პირაპირ გეტყვით, ორშაბათს აღძრულ საქმეზე, რომელიც მხოლოდ მოწმეების ეყრდნობა, ორშაბათსვე ადამიანის დაკავება შეიძლება?
არ ვიცი, ვის რისი შეეშინდა, მაგრამ ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომლის ზურგსუკან არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
თქვენი აზრით, რატომ იჩქარეს? შეგიძლიათ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლაზე მიუთითოთ?
მთალად ასე არ ვიტყოდი, საზოგადოებრივი აზრი ამას მარტივად ღებულობს და მხარს უჭერს, ისე, რომ ძალიან დიდხანს არავინ მოიკითხავს, რა არის ეს, - მართლმსაჯულება თუ სწრაფი პოლიტიკური გადაწყვეტილება.
ბრალის დამძიმებას ელოდებით?
კი, რა თქმა უნდა. ბრალი სერიოზულად დამძიმდება, კიდევ სხვა სისხლის სამართლებრივი საქმეები გამოჩნდება. ეს ადამიანები კითხებს მისვამდნენ, მე ვუყურებდი მათ და მარტივი დასკვნების გამოტანა შემიძლია.
ბოლო დროის ყველაზე დიდი სკანდალი ციხის კადრებს უკავშირდება, ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სახის პასუხისმგებლობას იღებთ თუ არა?
ციხის კადრებთან დაკავშირებით მე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვიკისრე და თანამდებობიდან გადავდექი. ეს საზოგადოების მკაცრი მოთხოვნის გამო გავაკეთე. სხვა გზა და მტყუან - მართლის გარკვევის დრო არ იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალურ მოძრაობას არჩევნები რომც მოეგო, შემდგომ მთავრობაშიც არ ვიქნებოდი.
მუსირებს ასეთი აზრი, და ალბათ თქვენც გსმენიათ, თითქოს მე ციხეს ვაკონტროლებდი. მარტივად გეტყვით, ეს გამორიცხული იყო. ციხის კონტროლისთვის კი არა, დროს საკუთარი ოჯახისთვის ვეძებდი.
სასჯელაღსრულების სისტემიდან თავდაცვის სამინისტროში ძალიან რთულ დროს მივედი. ჯარი, - არ მოვერიდები ამ სიტყვას, - მეტ-ნაკლებად დემორალიზებული იყო: რუსეთთან ნაომარი, მატერიალურ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ადამიანურ რესურს დაკარგული. ამ ჯარს ხელახლა ფეხზე დაყენება და მობილიზება სჭირდებოდა. თვეების განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში მეძინა. ასეთ პირობებში, ქუდიც რომ შეეგდოთ, ციხეში არ შევიხედავდი. მით უმეტეს ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ სისტემა უჩემოდაც გამართულად იმუშავებდა. ციხეში აღმოჩენილი კანონდარღვევების ჩემთან ასე მარტივად მოწებება ვერ გამოვა.
თუ არაფერთან კავშირში არ ხართ, როგორ მოხდა თქვენი სახელის ასე დემონიზება?
ჩემი მთავარი შეცდომა, ალბათ ის იყო, რომ მედიასთან ნაკლები ურთიერთობა მქონდა. და საზოგადოების წინაშე ის საქმეები არ გამქონდა, რასაც რეალურად ვაკეთებდი. ეს იმ მდგომარეობიდან გამომდინარეობდა, რაც მეჭირა. თავდაცვის სფეროში რაც ხდებოდა, საზოგადოებას ყველაფერს ვერ მოვახსენებდი, ბევრ რამეს ვერც ახლა ვიტყვი. რადგან ჩემი ქმედებები ემყარებოდა გეგმებს, თუ როგორ უნდა დაგვეცვა თავი ოკუპანტისგან. ვერც თქვენ და ვერც სხვა ჟურნალისტებს ვერ დაგიძახებდით და ვერ გეტყოდით, რომ აი, ბიჭებო, რა კარგი რამ გავაკეთეთ! რამის კეთებას რაღა აზრი ექნებოდა? - აბსურდამდე მივიდოდით. ჩემი საქმიანობის დიდი ნაწილი საიდომლო იყო. თუ არ ჩავთვლით აკადემიაში სტუმრობას, ცალკეულ საჩვენებელ წრთვნებს და სხვა საჯარო ღონისძიებებს.
სასჯელაღსრულების სისტემას დავუბრუნდეთ…
თავიდან დავიწყოთ: გეტყვით სადაც მივედი. ეს იყო ძალიან კორუმპირებული სისტემა. ჩემი ხელფასი 150 ლარი იყო. ალბათ გახსოვთ წრიპას ინციდენტი, აბანოში რომ გაისეირნა, აი, მაგას მოჰყვა ჩემი იქ დანიშვნა.
კარები არ იკეტებოდა, გინდოდა შემოხვიდოდი, გინდოდა, გახვიდოდი. ყველა ზონაში ქურდები იყვნენ, თავიანთი მაყურებლებით. ყველა პატიმრისგან ფული იკრიბებოდა. ჩვეულებრივი მსჯავრდებულებისთვის ეს უდიდესი წნეხი იყო, ყველა ქურდი და ძველი ბიჭი ხომ არ იქნებოდა. ყოველთვიურად იხდიდნენ, ეს თანხა, ცხადია, მათი ოჯახებიდან მოდიოდა. ეს ბევრს აღარ ახსოვს. მიმდინარეობდა აზარტული თამაშები და შემდეგ ხდებოდა საშინელებები. ვინც არ გადაიხდიდა, არსებობდა მოვლენა, რომელსაც ციხეში “კაცის გაფუჭებას” ეძახდნენ. გარკვეული კასტა დანარჩენ პატიმრებს ინტენსიურად ჩაგრავდა. კარგი დედის შვილი იყო და ვინმეს არ გადაეხადა! ციხეში რამდენიმე მკვლელობაც მომხდარა წინა წლებში, ჩვენამდე, რომლებიც დღესაც არ არის გახსნილი. თანამშრომლები ქურდების და მაყურებლების დამხმარეები იყვნენ. ქურდებს კამერებში ყველაფერი ჰქონდათ, გვერდით საკანში კი სადაც ჩვეულებრივი პატიმრები ისხდნენ, დასაწოლი ადგილი არ გააჩნდათ. ეს იყო ზოგადი მოცემულობა.
როდესაც ჩემს მეგობრებთან ერთად ციხის კადრები ვნახე, ისეთი შოკირებული ვიყავი, ცოტა ხანი აზრზე ვერ მოვდიოდი. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თუ სუყველაფერი არა, 90% მაინც იმ კადრებში დადგმულია. ყველაფერზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასეთ რაღაცებს აქ ვინმე ჭკუათმყოფელი აკეთებდა.
ყოფილი თანამშრომელი ბედუკიძე, რომელმაც კადრები გაასაჯაროვა, ხელს თქვენ გადებთ…
ჰოდა, ეგ გამოიძიონ. ჩემი ფეხით ჩამოვედი და იმავე დღეს დამიჭირეს, ჯარში სამხედროებს სცემდიო, ეს ხომ სრულიად ახალი თემაა?
პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებული კიდევ ერთი თემა, რომელის საზოგადოების ინტერესს იწვევს, გახლავთ ციხის ცნობილი ბუნტი, თქვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ის თქვენი ორგანიზებული იყო, რას უპასუხებთ მათ?
ვიცი ეგ ბრალდება. აი, ამ უწყების მინისტრი მაბრალებს. გულწრფელად გეუბნებით და თუ კიდევ პროფესიონალიზმი შემრჩენია, გარწმუნებთ, რომ ეს შეუძლებელი ამოცანაა. მე იქ ორი თვის მისული ვიყავი, როგორ წარმოგიდგენიათ ბუნტის ორგანიზება? ვისთან უნდა ვყოფილიყავი იმ დროისთვის შეკრული? ეს არარეალურია. ჩემთვისაც შოკი იყო, როდესაც ბუნტი სრულიად მოულოდნელად დაიწყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ ამხელა არეულობის დაწყება შესაძლებელი იქნებოდა.
ბუნტის ჩახშობას მსხვერპლი მოჰყვა…
კი, სამწუხაროდ. ძალიან ძლიერი ბუნტი იყო, ვიღაცები უცხოეთიდანაც ურეკავდნენ. ეს ჩემი შეფასებით, ციხეებზე კონტროლის დასაბრუნებლად ქურდების ბოლო გაბრძოლება იყო.
როდესაც პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე წარგადგინათ, აღნიშნა, რომ ბევრი მტერი გყავთ, ამ მტრებში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ძალა, ალბათ ქურდული სამყაროა, ელოდებით ანგარიშსწორებას?
კი, რა თქმა უნდა. მტრების მეტი რა მყავს. მე რომ მყავს, მტრებიც ასეთი უნდა. ანგარიშსწორებას ველოდები. ჩვენ ქურდული სამყარო არ დაგვიმარცხებია, ამის პრეტენზია ნუ გვაქვს. ჩვენ ქურდები მარსზე კი არ გადაგვისახლებია, ნაწილი აქ, საქართველოში გვიზის, ნაწილი კი მთელ მსოფლიოშია, სადაც გნებავთ. ჩვენ საქართველოში კრიმინალზე მათი გავლენა შევაჩერეთ, კრიმინალი ციხიდან იმართებოდა, გახსოვთ ალბათ მანქანების ქურდობები და ყაჩაღობები. როდესაც ციხეში თამაშები იმართებოდა და ვინმეს ფული აკლდებოდა, მის ძმაკაცს უნდა ეყაჩაღა, რომ ფული მოეტანა, მოკლედ მთელი ობობას ქსელი იყო. ჩვენ ციხესა და გარეთ კრიმინალთან კავშირი მოვსპეთ იმ დონემდე, რამდენადაც ახლაა შეჩერებული, თორემ გრძელვადიანად საკითხი ბოლომდე მიყვანილი არ არის. ქურდები ისევ ქურდები არიან.
კიდევ ერთი თემა, რაც საზოგადოების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, არის ლაფანყურის ოპერაცია, რომლის დეტალები დღემდე ბინდითაა მოცული, შეგიძლიათ ისაუბროთ, რა მოხდა ლაფანყურში?
ლაფანყურის ოპერაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს რაც ვიცოდი, იმაზე მეტი არც ახლა ვიცი. შევამჩნიეთ შეიარაღებული ჯგუფი. როცა ეს გავიგე სენაკში ვიყავი, და სასწრაფოდ გადავფრინდი. კორდინატების მიხედვით მივხვდი, რომ ისინი რუსეთის საზღვართან ახლოს იყვნენ. რაც ალბათ, წარმოგიდგენიათ რა საფრთხის მატარებელი იყო. ჩვენ მოლაპარაკება შევთავაზეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის რომ თითქოს მძევლები არ აუყვანიათ, ტყუილია. მთელი ისტორია ეგ იყო, როგორც დამთავრდა, კი იცით.
რატომ გახდა საჭირო ასეთი მაშსტაბური ოპერაციის ჩატარება?
წინააღმდეგ შემთხვევაში აქეთ დაგვხოცავდნენ. ჯგუფის ასეთი განეიტრალება ჯერ ჩვენ არ განგვიხორციელებია, სწორედ ამიტომ იყო საჭირო ამხელა ძალები.
გარდა ჯარისკაცებისა, მოწინააღმდეგე მხარის დაღუპულები საქართველოს მოქალაქეები აღმოჩნდნენ…
კი, ასე იყო. ჩვენ მაშინ არაფერი დაგვიმალავს, უბრალოდ თავიდან იდენტიფიცირებული არ გვყავდნენ.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ხელისუფლება ჯერ კიდევ უცვლელია, სასამართლოს იმედი არ გაქვთ?
არა! ძალიან გაბედული მოსამართლე უნდა იყოს, რომ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღოს. ცოტა პარადოქსულ რამეს გეტყვით. როცა ვბრუნდებოდი, მეგონა, რომ კითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება მექნებოდა. თუნდაც აი ასე, ჟურნალისტებთან.
ჩემზე ხომ ბევრი რამ ვრცელდებოდა, ის ბრალდებები რითაც დამაკავეს, გაგიაგიათ? გსმენიათ? ყველა დანარჩენ ბრალდებაზე მე კონკრეტული პასუხი მაქვს, ვინმემ შეიძლება ზოგი რამ გადაცდომად ჩათვალოს, მაგრამ, კრიმინალი არსად არ იყო.
ჩემი დაკავება რომ პოლიტიკური მოტივიაა ნაკარნახევი, ადვილი მისახვედრია. ავიღოთ ბოლო ერთი წელი, რამდენ კონტექსტში მახსენეს უარყოფითად! ალასანიამ უშიშროების საბჭოს გადასცა სიები, - თითქოს უკანონო ბანდფორმირებების. ეს ერთ-ერთი უმსხვილესი ბრალდება იყო. სად არის ახლა ის სიები? იქ კონკრეტული გვარები იყო ჩამოთვლილი. გეხსომებათ ბრალდება, რომ ბინებში გატანილი გვაქვს იარაღი, და სისხლისღვრას ვაპირებდით. სად არის ის ბინები? სად არის სისხლისღვრა? სად არის მტკიცებულებები?
მასალის გამოყენების პირობები