პოლიტიკა
ე.წ. ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე სასამართლომ 6 ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
ე.წ.ჯარისკაცების მოწამვლის საქმეზე საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ექვსი ბრალდებული აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
დღევანდელ პროცესზე, პროკურატურა ბრალდებულების: თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მედეა ბეთაშვილის, მასთან ერთად ბრალდებული ოთარ ჯეჯეიას, მიხეილ ბასტაევის, თორნიკე ხუბუას, ლაშა გელოვანის და აკაკი გიორგაძის მიმართ გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
ყველა პირთან მიმართებაში, გარდა თორნიკე ხუბუასი, პროკურატურამ 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა, ხუბუას შემთხვევაში კი მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000 ლარის შეფარდება ითხოვა. ბრალდებულებმა, გირაოს თანხების დასახელების შემდეგ, საკუთარი პოზიციების დაფიქსირებისას განაცხადეს, რომ აღნიშნული თანხის გადახდას ვერ უზრუნველყოფდნენ, შესაბამისად, მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა მათგანი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა, წინასასამართლო სხდომა კი აღნიშნულ საქმეზე 24 დეკემბერს ჩაინიშნა.
როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, პროკურატურა გირაოს შეფარდებას ბრალდებულებისთვის იმ მოტივით ითხოვდა, რომ მათი უმრავლესობა ამ დრომდე მუშაობს თავდაცვის სამინისტროში და არსებობს მოწმეებზე ზეწოლის, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პროკურატურა აპირებს, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები