გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, გიორგი კალანდაძე გირაოს სახით 10 ათას ლარს გადაიხდის. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ კალანდაძის ადვოკატის შუამდგომლობა რომ აღმკვეთ ღონისძიებად კალანდაძის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო გირაო 10 ათასი ლარის ოდენობით დააკმაყოფილა.
რაც შეეხება ბაჩო ახალაიას, ამ შემთხვევაში მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა და მას აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, მან გაითვალისწინა გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ვახტანგ კაპანაძის დახასიათება, რომელიც გიორგი კალანდაძეს დადებითად ახასიათებს. გარდა ამისა, მოსამართლემ ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი კალანდაძე პროცესზეც მივიდა.
ბაჩო ახალაიას ადვოკატი დავით დეკანოიძე კი მიიჩნევს, რომ პროკურატურის შუამდგომლობა იყო უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და ის არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. მისი თქმით, ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში ახალაიას სტატუსი არ შეეცვლებოდა, რადგან ის ამჟამადაც პატიმარია.
მასალის გამოყენების პირობები