"2012 წლის 13 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი კალანდაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე. გიორგი კალანდაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 10 000 ლარის ოდენობით.
"სასამართლომ ბრალდებულ ბაჩანა ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა პატიმრობა. სასამართლომ ბრალდებულ გიორგი კალანდაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრი გარემოებები: თბილისის საქალაქო სასამართლომ 2012 წლის 9 ნოემბერს ბრალდებულ გიორგი კალანდაძეს შეუფარდა გირაო 20000 ლარის ოდენობით, რომლის პირობებიც მას არ დაურღვევია, ასევე ის პირველივე გამოძახებისთანავე გამოცხადდა პროკურატურაში და სასამართლოში; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 ნოემბრის განჩინებით გადაყენებული იქნა საქართველოს გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობიდან; საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის მოვალეობის შემრულებლის მხრიდან ხასიათდება დადებითად; ჰყავს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი; საქართველოში გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ბრალდებულის მხრიდან მიმალვის, ასევე საქმეზე შემხებლობის მქონე პირების მიმართ ზემოქმედების და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ბრალდებულ ბაჩანა ახალაის მიმართ აღკვეთი ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო შემდეგი ფაქტობრი გარემოებები: ქმედებების ხასიათიდან გამომდინარე მისი მხრიდან მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე, ასევე, ბრალის დადასტურების შემთხვევაში მოსალოდნელი სასჯელის შიშით ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე, ასევე, ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და შესაძლო ზიანის სახე. აგრეთვე მოცულობითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ინტერესი და ამ პროცესში ბრალდებულის მხრიდან შესაძლო ხელის შეშლის საშიშროება. აღმიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 4 იანვარს".-ნათქვამია განმართებით განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები