კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა, აგრეთვე გიორგი ყავლაშვილი და სოდ-ისა და კუდ-ის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანი დაკითხვის შემდეგ დაააკავეს.
როგორც ყავლაშვილის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ აღნიშნა, ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე.
კუდ-ის უფროსის, ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით კი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.
ადვოკატების განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა გამოძიებას ყველა კითხვაზე დეტალური პასუხები გასცეს და ამჟამად ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.
სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში გუშინ, 13.00 საათიდან მიმდინარეობდა და დღეს გამთენიისას დასრულდა. პროკურატურას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მასალის გამოყენების პირობები