საქართველოს პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მას საქართველოში მიმდინარე დაჭერებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ფილიპ გორდონთან კრიტიკული საუბარი ჰქონდა.
მისივე თქმით, დასავლეთის შეშფოთება აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს, მეგობარ სახელმწიფოებს ამ პროცესის დემოკრატიულობა აუხსნას და დაარწმუნოს, რომ შერჩევით სამართალს ადგილი არ აქვს.
"შეხვედრისას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადე ამ ქვეყანას. ამავე დროს ჩვენ გვქონდა კრიტიკული საუბარი. აღვნიშნეთ ის წინსვლა, რომელსაც არჩევნებით ხელისუფლების გადაბარებით მივაღწიეთ, თუმცა, ამავე დროს, აშშ-ის, ევროპას, საერთაშორისო თანამეგობრობას დიდი სურვილი აქვს, რომ დაჭერის პროცესები იყოს გამჭვირვალე. ვიზიარებ მათ წუხილს - როცა ახალი ხელისუფლება მოდის და ასეთი დაჭერები ხორციელდება, ბევრი კითხვა ჩნდება, განსაკუთრებით დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან, რომლებიც შეჩვეულნი არ არიან ახალი ხელისუფლებისგან ძველი ხელისუფლების წევრების დაჭერის პროცესებს. ამ მხრივ მათი შეშფოთება აბსოლუტურად გასაგებია. ჩვენ ვცდილობთ და მომავალშიც შევეცდებით მაქსიმალურად ავუხსნათ მეგობარ სახელმწიფოებს, რომ ჩვენი ქმედება დემოკრატიულია და არავითარ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნას და შერჩევით სამართალს ადგილი არ აქვს. ამ საკითხში ქვეყანას შევუნარჩუნებთ სახეს", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ამასთან, მან შეერთებულ შტატებს საქართველოს მრავალმხრივი დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
მასალის გამოყენების პირობები