"საქართველოს რკინიგზის" ახალი პროფკავშირების თავმჯდომარე ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზის" თანამშრომლებმა დღეს, 10.00 საათზე , თბილისსა და საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაფიცვა დაიწყეს. მისივე ინფორმაციით, თანამშრომლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის სამართლიანი სახელფასო სისტემის შექმნა, სადაც სტაჟი და დამსახურება იქნება გათვალისწინებული, ასევე ახალი საპრემიო სისტემის შემოღება.
დღესვე განცხადება გაავრცელა "საქართველოს რკინიგზამ". მათი განცხადებით, რკინიგზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს და რკინიგზელების უმრავლესობა გაფიცვას არ აპირებს. კომპანიის ინფორმაციით, "საქართველოს რკინიგზაში" პროფკავშირების ერთ ჯგუფსა და მენეჯმენტს შორის თანამშრომელთა მცირე ჯგუფის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. მათივე ინფორმაციით, დაფიქსირებული მოთხოვნების ცხრა პუნქტიდან "საქართველოს რკინიგზის" მენეჯმენტმა შვიდი დადებითად გადაჭრა, დარჩენილი ორი პუნქტიდან ერთი სასამართლო განხილვის საგანია, ხოლო დარჩენილ ერთ პუნქტზე ვერ მოხერხდა შეთანხმება.
მასალის გამოყენების პირობები