შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის განცხადებით კონკრეტულ რიცხვს პრეზიდენტი განსაზღვრავს.
მისივე ცნობით, შეწყალების კომისიამ თანხმობა მისცა იმ პატიმრებს, რომლებსაც არ აქვთ ჩადენილი მკვლელობა, არ არიან დაპატიმრებული ნარკოტიკის რეალიზაციისთვის, გაუპატიურებისთვის, რეციდივისტობისა და ტრეფიკინგისთვის.
"აქედან გამომდინარე, ყველას, ვისაც ჰქონდა დარჩენილი ნახევარი ან ნახევარზე ნაკლები ვადა პატიმრობის, მიეცა დადებითი რეკომენდაცია. მათ შორის არიან ძალიან მძიმე ავადმყოფები და მიხარია, რომ ეს ადამიანები უახლოეს დღეებში დატოვებენ საპატიმროებს", - განაცხადა ელენე თევდორაძემ. მისივე თქმით, დადებითი რეკომენდაცია გაიცა ერთ არასრულწლოვანზე. რაც შეეხება ქალებს, ელენე თევდორაძე ამ შემთხვევაშიც ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებს.
თევდორაძე ასევე გამოეხმაურა კომისიის კიდევ ერთი წევრის, ლაშა ბუღაძის დღევანდელ განცხადებას, რომ დღეს ისტორიული სხდომა იყო, რადგან ყველა ის პატიმარი დაუბრუნდება საკუთარ სახლებს, ვისაც კომისიამ გაუწია რეკომენდაცია. თევდორაძის განცხადებით, კომისიაზე ზოწოლას არასდროს არავინ ახდენდა. მისივე თქმით, კომისიის მუშაობის და სხდომის დროს, გარდა კომისიის წევრებისა, მას არავინ ესწრებოდა. ამასთან, ელენე თევდორაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, პროკურატურას სია ეგზავნებოდა ხოლმე საპატრიარქოდან.
შეწყალების კომისიის სხდომა გუშინ თითქმის რვა საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ელენე თევდორაძის თქმით, ახლა უკვე კომისია ტექნიკურ სამუშაოებს გადის და საბოლოო გადაწყვეტილება, თუ რამდენი ადამიანი დატოვებს საპატიმროებს, სავარაუდოდ 22 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი. შეწყალება 23 ნომებრისთვის
მასალის გამოყენების პირობები