1-ლი დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე, პირადობის ახალი მოწმობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში, 35 ლარის ნაცვლად 15 ლარი ეღირება.
აქციის პირობების თანახმად, პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლარის გადასახადისგანაც. დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად მხოლოდ დაჩქარების ღირებულების გადახდა მოუწევთ. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ.
აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებული. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.
სიახლის შესახებ სახელმწიფო სერსვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ლომიძემ დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და აქციით სარგებლობის პირობებზე დეტალურად ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართები.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ელექტრონული პირადობის მოწმობა უკვე 1 500 000-მდე ადამიანს აქვს.
მასალის გამოყენების პირობები