ალიანსი არ აღიარებს აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს და შესაბამისად, არ ცნობს არც დოკუმენტს, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ რეგიონს შორის გაფორმდა, - ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ნატო და ნატოს ყველა მოკავშირე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, შესაბამისად, არ ვცნობთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას.
აფხაზეთი საქართველოს ნაწილია მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს მკაფიოდ ვთქვი მეც და თქვეს მოკავშირეებმაც. ეს არის პრინციპის საკითხიც. ჩვენი უსაფრთხოება ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებელი სახელმწიფოების საზღვრების და მათი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას,” - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მასალის გამოყენების პირობები