უნგრეთის პრეზიდენტის,იანოშ ადერის ხელმოწერით,უნგრეთის პარლამენტის მიერ ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების რატიფიცირებული შეთანხმებები,ძალაში შევიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,უნგრეთის პარლამენტმა ევროკავშირთან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ასოცირების შესახებ შეთანხმებების რატიფიკაცია 25 ნოემბერს მოახდინა.
უნგრეთის პრეზიდენტის, იანოშ ადერის ხელმოწერით კი, რატიფიცირებული შეთანხმებები ძალაში შევიდა.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ასოცირების შესახებ შეთანხმებების ადრეულ ეტაპზევე რატიფიცირების გზით, უნგრეთის ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ის ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროპული არჩევნის, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასაც ავრცელებს:
"მივესალმებით ევროკავშირთან პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციონალური ურთიერთობების განმტკიცების კუთხით ჩვენი პარტნიორების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და ძალისხმევას, რამაც შესაძლებელი გახადა 27 ივნისს ასოცირების შესახებ შეთანხმებების ხელმოწერა. ეს შეთანხმებები წარმოადგენს ახალ ეტაპს ჩვენს ურთიერთობებში და ასახავს მზაობას განვავითაროთ საერთო ღირებულებებზე დამყარებული მჭიდრო და მტკიცე ურთიერთობები, ასევე უზრუნველვყოთ დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, ადამიანის უფლებათა (მათ შორის უმცირესობათა უფლებების) და ფუნდამენტური თავისუფლებების სრული პატივისცემა. ეს შეთანხმებები მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ დებულებებს და პარტნიორებს სთავაზობს ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების ვრცელ პროგრამას, რომელიც მათ რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებების გახორციელება არა მხოლოდ ევროპულ გზაზე სვლაში დაეხმარება ჩვენს პარტნიორებს, არამედ ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ კონსოლიდაციასა და სოციალურ ერთიანობას, ასევე თავიანთი ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შენაჩუნებას",- ნათქვამია უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები