ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი შსს-ში დაკითხვაზე არის დაბარებული. სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
"2012 წლის 30 ნოემბერს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში გამოცხადდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ამავე დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გამგზავრების მიზნით. საპასპორტო კონტროლის გავლის დროს საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლებმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა.
"იმავე საღამოს, 23:00 საათზე უკან დაბრუნებულმა მერაბიშვილმა პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა", - აღნიშნა გიორგობიანმა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ ფესიბუქის გვერდზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს:
„ ძვირფასო მეგობრებო!
18 საათზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დაბარებულია დაკითხვაზე, ორთაჭალაში, გულუას #8. შესაძლოა, დღეს დაგვჭირდეს თქვენი თანადგომა.ჩვენი რეაქციისა და თხოვნის შესახებ დამატებით შეგატყობინებთ.“– ნათქვამია განცდაებაში
მასალის გამოყენების პირობები