გაერო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში საქართველოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ პალესტინასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია არ გულისხმობს, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში სახელმწიფო წევრის სტატუსით. გამომდინარე იქიდან, რომ გეოგრაფიულად საქართველო ახლო აღმოსავლეთთან ახლოს მდებარეობს, საქართველო უთანაგრძნობდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონის მოსახლეობის მისწრაფებებს , კერძოდ, პალესტინის სახელმწიფოებრიობას და ისრაელის უსაფრთხოებას,-ასეთი განცხადება გააკეთა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენელმა პალესტინის საკითხის განხილვისას.
"კონფლიქტის დასასრულს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით მიღწეულ შეთანხმებას უნდა ეფუძნებოდეს. დღეს მიღებული რეზოლუცია ნიშნავს პრივილეგიებისა და უფლებების მიცემას დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსის ფარგლებში; რეზოლუცია არ გულისხმობს იმას, რომ პალესტინამ მიიღო უფლება, გაწევრიანდეს საერთაშორისო ორგანიზაციაში სახელმწიფო წევრის სტატუსით",-აცხადებს საქართველოს წარმომადგენელი.
გაერო-ს ვებგვერდზე არ არის მითითებული საქართველოს წარმომადგენლის სახელი და გვარი, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი და სრულუფლებიანი წარმომადგენელი კახა ლომაია შვებულებაშია და სხდომაში მის მაგივრად მისი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი მონაწილეობდა.
შეგახსენებთ, რომ პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა საქართველო – ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე: "მე რომ დღეს ვიყო საქართველოში ისრაელის ელჩი, დავტოვებდი თანამდებობას. არა გაერო-ში საქართველოს წარმომადგენლის პოზიციის გამო, არამედ ჩავთვლიდი, რომ ჩემი მისია ამ ქვეყანაში ჩავარდა. ძნელბედობის ჟამს ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მეგობარი ქვეყნები, როგორიცაა ისრაელი და საქართველო, გვერდით დაუდგნენ ერთმანეთს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სახალხო დიპლომატიის საშუალებით ჩვენი ქვეყნების მცხოვრებთა დაახლოება. ორმხრივი ბიზნესსაქმიანობების გაღრმავება არის საუკეთესო გზა ისრაელსა და საქართველოს შორის მყარი ხიდის აშენებისთვის. ორმა მიმართულებამ - სახალხო დიპლომატიამ და ბიზნესურთიერთობებმა უნდა უკარნახონ მთავრობებს ორივე მხარეს, რომ გაუჩნდეთ მეორე მხარის პროფესიონალურად შესწავლის სურვილი და ერთმანეთთან მიმართებაში სტრატეგიულად და ადეკვატურად დაგეგმონ სამომავლო ქმედებები. წარსულის და დღევანდელ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა არაორდინალურ შემთხვევაში მოსალოდნელია გართულებები", - აცხადებს იციკ მოშე.
მასალის გამოყენების პირობები