ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე ესწრება.
"ვისაუბრებ იმ სტრატეგიაზე, რომელიც საქართველოს ექნება ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. საგარეო პოლიტიკის ეს პრიორიტეტი არ შეცვლილა და პირიქით, საქართველო აპირებს, კიდევ უფრო გააძლიეროს სტრატეგიული თანამშრომლობა ნატოსთან და პარტნიორ ქვეყნებთან. საუბარი იქნება ჩვენს სამოქმედო გეგმაზე და მის შეფასებაზე. კითხვა-პასუხის რეჟიმში კი საგარეო საქმეთა მინისტრების შეკითხვებს ვუპასუხებ", - განუცხადა ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს.
შეხვედრაზე სიტყვით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი გამოვიდა და რუსეთ საქართველოს ამჟამინდელ და მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.
საქართველოს ახალი ხელისუფლების რიტორიკა წინაპირობების გარეშე ურთიერთობების განახლების სურვილს არ შეესაბამება, - გსნსცხადა ლავროვმა ნატო-რუსეთის საბჭოს თათბირის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენი ქართველი მეზობლები აცხადებენ, რომ მათ სურთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ ამავე დროს განიხილავენ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებს. ასეთი რიტორიკა, მაინც და მაინც არ შეესაბამება წინაპირობების გარეშე ურთიერთობების განახლებას. ჩვენ პრაქტიკული კუთხით, ხალხთა შორის პრაქტიკული ურთიერთობის კუთხით გართულებებს ვერ ვხედავთ. კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობები რუსეთ-საქართველოს შორის არც არასოდეს გაწყვეტილა. გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობები პრეზიდენტ სააკაშვილის ავანტურის გამო, როდესაც იგი სამხრეთ ოსეთს დაესხა თავს. კონფლიქტის შემდეგ უკვე აღდგა ჩარტერული კავშირები რუსეთისა და საქართველოს რამდენიმე ქალაქს შორის. თეატრები რეგულარულად დგამენ სპექტაკლებს ქართველი მსახიობების მონაწილეობით. ასევე, იდგმება სპექტაკლები ქართველი რეჟისორების მიერ. ახალმა მთავრობამ განაცხადა, რომ მათ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება ყველა ქვეყანასთან. ამის შესახებ მათ რამდენჯერმე განაცხადეს ოფიციალურად. ამიტომ ჩვენ გვსურს გავიგოთ, თუ კონკრეტულად რის და როგორ გაკეთებას აპირებენ ისინი. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი ჩვენს ქართველ მეზობლებთან ურთიერთობებზე. ქართველი ხალხი ჩვენთვის მეგობარი ხალხია", _ აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა.
სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა მაია ფანჯიკიძე: „საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას არასოდეს შეეგუება“-აღნიშნა საქართველსო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ფანჯიკიძის თქით, საქართველო ყოველთვის იბრძოლებს იმისთვის, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური ურთიერთობების გზით ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და ქვეყნის სუვერენიტეტი შენარჩუნდეს.
"ეს ჩვენი წინაპირობა არ არის, ეს არის ჩვენი რწმენა, ჩვენი მთავარი ამოცანა. ქვეყნის დეოკუპაცია არის პრიორიტეტი, რომელიც არასოდეს შეიცვლება. მიუხედავად ამისა, დიალოგი მაინც შესაძლებელია. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან, ასეთი დიალოგი შედგება. ერთი პრეცედენტი ასეთი დიალოგისა გვაქვს ჟენევაში, ხოლო სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნით, ჩვენი მცდელობაა, რომ გაიხსნას მეორე არხი კონტაქტისა. დარწმუნებული ვარ, გარკვეულ სფეროებში ასეთი დიალოგი შესაძლებელი იქნება, რომელმაც შეიძლება ურთიერთობების გაუმჯობესებამდე მიგვიყვანოს", _ აღნიშნა ფანჯიკიძემ.
მასალის გამოყენების პირობები