უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილი და სხვა ბრალდებულები პატიმრობაში რჩებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე აღნიშნულ საქმეზე ოქრუაშვილისა და სხვა ბრალდებულებისთვის აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების შესახებ ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
როგორც მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, შესაძლოა, აღნიშნულმა პირებმა კვლავ სცადონ მიმალვა, მოწმეებზე ზემოქმედება ან მტკიცებულებების განადგურება, რაც ხელს შეუშლის გამოძიებას.
მოსამართლის არგუმენტი უსაფუძვლოდ მიიჩნია დაცვის მხარემ. ადვოკატების განცხადებით, საქმეში არანაირი მტკიცებულება არ დევს. მათ მოსამართლის აცილება მოითხოვეს, რასაც ბრალდებულებიც დაეთანხმნენ. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ აცილების თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, ზვიად კორძაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს სხვა საქმეზე 11-წლიანი პატიმრობის განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს და უკანონო შეიარაღებული ფორმირებების საქმეზე ოქრუაშვილს აღმკვეთი ღონისძიება უნდა მოეხსნას.
რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებულებს, ადვოკატების ნაწილმა მათი გირაოს, ნაწილმა კი გირაოს გარეშე გათავისუფლება მოითხოვა.ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულებისა და საქმესთან დაკავშირებული მოწმეების სახით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობები დააყენეს. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულები დასაკითხ პირთა სიაში იყვნენ და შესაბამისად დაიკითხებიან.მოსამართლემ მოწმეების დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სხდომა 10 დეკემბერს, 10.00 საათზე გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები