საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცესს დაესწრება. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში დღეს 17 დეკემბერს გაემგზავრება, ხვალ კი დაესწრება ევროპარლამენტის სესიას, სადაც მოხდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.
"ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის უმნიშვნელოვანეს, ისტორიულ პროცესში და ქვეყანა უმაღლეს დონეზე იქნება წარმოდგენილი. ევროპარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიკაციის პროცესი," - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ცნობილია, რომ ღონისძიებას სტრასბურგში არ დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. ევროპარლამენტის სხდომაზე ქართველი დეპუტატები გაემგზავრებიან. ასევე ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებაზე მიწვეულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები