საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში რუსეთთან ურთიერთობას და ლარის გაუფასურებას ეხმიანება და განმარტავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიდოში ქვეყანა რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებული გახდა და ქართული ეკონომიკა აღარ იყო მიბმული რუსულ ბაზარს, დღეს კი განსხვავებული რეალობაა.
,,ჩვენ, 2004-ში ჩავიბარეთ ქვეყანა ცარიელი ხაზინით, რომელიც ენერგეტიკულად მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული, მიბმული იყო რუსულ ბაზარზე და ლარი ჩამოკიდებული იყო რუბლის კურსზე, შესაბამისად რუბლთან ერთად დაეცა 1998 წელს.
2012 წელს, ახალ მთავრობას ჩვენ გადავაბარეთ ქვეყანა, რომელიც ენერგეტიკულად სრულიად დამოუკიდებელი იყო, რუსეთი აღარ შედიოდა სავაჭრო პარტნიორების პირველ ხუთეულშიც კი, და მათ დავუტოვეთ მრავალგზის გაზრდილი სავალუტო რესურსები, ასევე რამდენიმე მილიარდიანი თავისუფალი, ზედმეტი თანხა ბიუჯეტში. ივანიშვილის მმართველოვის 2 წლის თავზე ჩვენ ისევ მივებით რუსულ ბაზარს, ესეიგი ლარი დამოკიდებული გახდა ხელახლა რუბლის რყევებზე, ბიუჯეტში საერთო ჯამში 1,5 მილიარდიანი გარღვევაა და უახლოესი მომავალი სრულ ეკონომიკურ კოლაპსს გვიქადის",-აცხადებს სააკაშვილი.
წარსულში დაბრუნება არ შეიძლება დავუშვათ! ვინაიდან იქიდან ხელახლა გამოსვლა ნებისმიერი შემდგომი მთავრობისთვის ურთულესი ამოცანა იქნება. მჯერა, რომ ამას ჩვენი საზოგადოებაც კარგად ხვდება, განსაკუთრებით, პუტინის რუსეთის გარდაუვალი კრახის ფონზე.
მასალის გამოყენების პირობები