პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი გახდა. ის პარტიის ხელმძღვანელად ყრილობის დელეგატებმა ერთხმად დაამტკიცეს.
ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პარტიის ერთ-ერთ ლიდერად და გამგეობის წევრად რჩება. ყრილობაზე დელეგატებმა ასევე დაამტკიცეს პარტიის ახალი წესდება, გამგეობა განახლებული შემადგენლობით და სარევიზიო კომისია.
ყრილობის დაწყებისას პოლიტიკური მოხსენებით გამოვიდა პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია. პარტიის მიერ 2009-2012 წლების განმავლობაში გაწეული მუშაობის შედეგები შეაჯამა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
მანამდე "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებს დღევანდელი დღე და მიღწევები მიულოცეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
პრემიერ მინისტრის განცხდაებით კი, იგი მზად არის, პოლიტიკურ გაერთიანებას "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" სათავეში ჩაუდგეს.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" ყრილობა სავარაუდოდ ახალი წლის შემდგომ, იანვარში გაიმართება.
"პარტიის თავმჯდომარეობას ნამდვილად ვაპირებ. დასაზუსტებელია საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები და ყრილობამდე დარჩენილ დროში შესაძლოა, მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულება მოვახერხოთ.
როგორც იცით, პრეზიდენტმა საკუთარი ნებით საქართველოს მოქალაქეობა მომანიჭა, რაც მანამდეც შეეძლო გაეკეთებინა, როცა ამბობდა, რომ იძულებული იყო ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთმია, მაგრამ კანონმდებლობაში ისეთი კაზუსია, რომ ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხავს. საკმარისია სასამართლოს მეშვეობით მოქალაქეობა დამიბრუნდეს, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტს დავკარგავ. სააკაშვილის მიერ გამოცემული განკარგულებით ჩემი მოქალაქეობა იმ შემთხვევაში ამოქმედდება, როცა საფრანგეთის მოქალაქეობას დავკარგავ"-აღნისნა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები