ტელეკომპანია "მაესტროს" ირგვლივ განვითარებულ მოვლენების უკან ოპოზიცია რუსულ კვალს ხედავს, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ მედია დღეს საქართველოში თავისუფალია და ნებისმიერ ტელევიზიაში მიმდინარე რეორგანიზაცია თუ სხვა პროცესები შიდა საქმეა, რაშიც ხელისუფლება არ ჩაერევა.
„ეს უკვე არ არის ცალკეული, იზოლირებული შემთხვევა და თუ მაესტროს უკანაც ნამდვილად რუსული კვალი იკვეთება, ეს უკვე ხელისუფლების პრობლემაა. რადგან ხელისუფლება ვერ გვიცავს ჩვენ მთავარი მტრისგან, მაშინ ხელისუფლებასთან გვექნება საქმე,“ - ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ნინო გოგუაძე.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი კი ამბობს, რომ „მაესტროს“ შემთხვევაში ხელისუფლებამ ტელევიზიის ერთმნიშვნელოვნად დაქვემდებარება მოისურვა და თანაც დაუფარავად. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში ყველგან ჩანს რუსული კვალი.
საპარლამენტო უმრავლესობა კი აცხადებს, რომ მათთვის უცნობია „მაესტროში“ მიმდინარე პროცესების მიზეზები და დეტალები, რადგან ეს კომპანიის შიდა საქმეა და მასში ხელისუფლება არ ჩაერევა.
„როგორც მე არ შემიძლია ვიცოდე, რა ხდება რუსთავი2-ში და როგორ განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას ნიკა გვარამია, იგივეა მაესტროსთან დაკავშირებითაც. ხელისუფლება არანაირად ამ პროცესებს არ აკონტროლებს და ვერც გააკონტროლებს,“ - განმარტავს მანანა კობახიძე.
ეკა ბესელიას თქმით, კი საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მედია სრულიად თავისუფალია.
„ნამდვილად შემიძლია ერთ რამე ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლა რომელიმე ტელევიზიაზე, ან რაიმე ტიპის ჩარევა მედია სივრცეში ეს არის გამორიცხული,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები