რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეფასებით, ჟენევაში გამართული ქართულ-რუსული არაფორმალური შეხვედრა "პირველი ასეთი კონტაქტის კვალობაზე , არ იყო ცუდი", - ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.
"როგორც ასეთ შემთხვევებში იტყვიან, შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. შეგახსენებთ, რომ ეს იყო ამ სახის პირველი კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დავალებით გაიმართა. შეხვედრა ჟენევის ერთ-ერთ გარეუბანში შედგა. აღვნიშნეთ, რომ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები ფაქტობრივად ჩიხშია მოქცეული და საჭიროა ამ ჩიხიდან გამოსავლის ძიება. დასაწყისისთვის სასაუბროდ განვსაზღვრეთ სავაჭრო, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობების საკითხები და რეგულარული საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. მოვილაპარაკეთ, რომ ჩვენი დიალოგი რეგულარულ საფუძველზე გაგრძელდება და ვიმსჯელეთ ამ ფორმატის ტექნიკურ ასპექტებზე", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
წყარო "ინტერპრესნიუსი"
მასალის გამოყენების პირობები