სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განაცხადებით-ნიკა გვარამია გაოგნებულია და მას არ აქვს წარმოდგენა, რაზეა საუბარი. სახალხო დამცველმა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ნიკა გვარამია და სხვა დაკავებულები მოინახულა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, ის გაესაუბრა დაკავებულებს, მათ შორის ნიკა გვარამიას. ომბუდსმენის თქმით, ნიკა გვარამია არ აღიარებს ბრალს და აცხადებს, რომ ეს ყველაფერი "რუსთავი 2"-ს ხელმძღვანელად მის საქმიანობას უკავშირდება. ომბუდსმენის ცნობით, გვარამია მიიჩნევს, რომ მისი დაკავება დამოუკიდებელ ტელეკომპანიაზე ზეწოლას უკავშირდება.
ნანუაშვილი ასევე შეხვდა კახა დამენიას, დევი კანდელაკს, იზაბელა გოტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს. ომბუდსმენის თქმით, არც ერთი მათგანი არ აღიარებს დანაშაულს. ომბუდსმენის თქმით, ისინი ემოციების ქვეშ არიან და ვერ გაურკვევიათ, რა მოხდა, რადგან მანამდე არაერთხელ დაკითხეს და მათთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს მაინცდამაინც გუშინ.
ამასთან, ომბუდსმენი ამბობს, რომ არც ერთი დაკავებული მოპყრობას არ უჩივის. მისი ცნობით, ნიკა გვარამიას საკანში ოდნავ ციოდა, თუმცა ამ ეტაპზე ეს პრობლემაც მოგვარებულია.
მასალის გამოყენების პირობები