თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "სხვადასხვა პირების დაკავებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რასაც ტელევიზიით ვისმენთ , ვფიქრობთ აბსურდის თეატრს ჰგავს. თუმცა ერთის მხრივ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჯერჯერობით ამ ხელისუფლებისგან, ავად თუ კარგად, მხოლოდ საგამოძიებო სისტემა მუშაობს, რაც ალბათ ცუდია, იმიტომ, რომ ყველას დაავიწყდა ეკონომიკა და ამ სფეროში არსებული ძალიან ბევრი პრობლემა, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში იჩენს თავს. ჩვენ დავინახეთ ერთი რამ, რომ ძიება მიდის საქმეზე, სადაც არ არსებობს დაზარალებული, არც კერძო კომპანია, არც სახელმწიფო, არც რომელიმე კერძო პირი. არ არსებობს ქრთამის აღების ფაქტი, იმიტომ, რომ ფული სეიფში ყველა ბუღალტრული წესის დაცვით, სრულად იყო შენახული. ამასთან, ამ ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა ტესტი და ვერ გაუძლო ცდუნებას, რომ არ გამოექვეყნებინა ფარული ჩანაწერები, რითიც აღიარა, რომ უსმენს ყველას და ყველაფერს. აღნიშნულის შენიღბვას კი ძალიან სასაცილო და ამავე დროს სრულიად გაუგებარი ფორმით ცდილობს. კერძოდ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დირექტორის ტელეფონის ნომერი, რომელიც მათ მიერ, როგორც ვინმე გიორგის ნომერი იქნა გამოქვეყნებული, სინამდვილეში 5 წლის წინ პროკურატურაში გაცემული კორპორატიული ბარათია. კიდევ ბევრ ვინმე გიორგის გავიგებთ, რომელსაც უსმენენ. საზოგადოებისთვის მრავალი დაპირების მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს საქმეების უფრო მაღალი სტანდარტებით გამოძიება. მაგალითად, სასაცილოა ის, რომ აწარმოებენ გამოძიებას რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით და გამომძიებელმა არ იცის, რა არის მიწის ნორმატიული ფასი და ხშირ შემთხვევაში ჩვენს თანამშრომლებს უწევთ გამომძიებლებისთვის ლექციების ჩატარება. გავიგეთ ასევე ის, რომ პოლიციაში ძველი "ოპერები" დააბრუნეს, რომლებიც იარაღის ჩადებით გამოირჩეოდნენ და ახლა თურმე სამსახურიდან ისევ გაუყრიათ. ანუ, როგორც ჩანს ძველ საგამოძიებო სისტემაში ვბრუნდებით და მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ზემოაღნიშნული და სხვა მსგავსი ფაქტების გამო, ეკონომიკა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის მძევალია. ჩვენი ოპოზიციის სახელით, გულწრფელად გამოვთქვამ სურვილსა და მზადყოფნას, დავსხდეთ და გავაჩეროთ ეს პროცესი, რადგან ეკონომიკური პრობლემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ცხოვრებაზე აისახება", - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები