ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" ახალი ნომრის გარეკანზე გამოსახული იქნება წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა, რომელსაც ხელში ეჭირება ქაღალდი, წარწერით "მე ვარ შარლი".
"ბიბისის" ინფორმაციით, როგორც ჟურნალის ადვოკატმა რიჩარდ მალკამ რადიო France Info-ს განუცხადა, ჟურნალში ასევე იქნება კარიკატურები რელიგიის თემაზე.
"ჩვენ არ დავნებდებით. "მე ვარ შარლი" ნიშნავს დაგმობის უფლებას", - განაცხადა რიჩარდ მალკამ.
ჟურნალის ახალი ნომერი გაყიდვაში ხვალ სამმილიონიანი ტირაჟით გამოვა. ტრადიციულად, ჟურნალის ტირაჟი 60 ათასს შეადგენდა.
7 იანვარს ჟურნალ "შარლი ებდოზე" განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის რედაქტორი და ხუთი კარიკატურისტი. ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალზე თავდასხმა ძმებმა შერიფ და საიდ კუაშებმა განახორციელეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე ჟურნალმა "ტვიტერზე" დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.
ჟურნალის რედაქცია 2011 წელსაც დაარბიეს. მაშინ ჟურნალის რედაქცია მას შემდეგ დაარბიეს, რაც "შარლი ებდომ" წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები