ამნისტიის პროექტის დამტკიცებიდან ორი თვის ვადაში, 3 ათასი ადამიანი გათავისუფლდება, 14 ათასს კი - სასჯელი შეუმცირდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა.
ამასთან, მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო მზად არის, პროექტის ძალაში შესვლისთანავე, პატიმართა საქმეები სასამართლოსთვის მოამზადოს.
სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც პროექტი ძალაში შევა, ერთი კვირის განმავლობაში სასამართლოებში პოლიტპატიმართა საქმეები გადაიგზავნება, ორი კვირის ვადაში კი - დანარჩენების. ჯამში კი, პატიმრების ამნისტიით გათავისუფლება ან მათთვის სასჯელის შემცირება ორი თვეში იქნება უზრუნველყოფილი.
"როდესაც კანონი ძალაში შევა, ერთი წუთითაც კი დრო არ დაიკარგება და დაიწყება საბუთების გადაგზავნა. საუბარია 17 ათას საქმეზე, საიდანაც 3 ათასი ადამიანი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო დანარჩენებს გარკვეული ვადები შეუმცირდებათ", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
მასალის გამოყენების პირობები