28 იანვრიდან 4 თებერვლის ჩათვლით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება თამარ ბერუჩაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, აღმოსავლეთ ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფორმატში.
საქართველოს საგარეო უწყების პირი ასევე შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს და ამერიკის წამყვანი კვლევით ცენტრების და მედიის წარმომადგენლებს.
ვიზიტის ფარგლებში თამარ ბერუჩაშვილი სიტყვით გამოვა ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაზე,რომლის სახელწოდებაა "ტრანსატლანტიკური სტრატეგია აღმოსავლეთ ევროპისთვის". მინისტრი ბერუჩაშვილი მონაწილეობას მიიღებს შეერთებული შტატების სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრში დაგეგმილ დისკუსიაში, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი უძველესი და გავლენიანი ინსტიტუტია საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში.
საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის და შეხვედრების მთავარი თემა იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარემო, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რიგის სამიტი, საქართველოს დემოკრატიული განვითარება.
მასალის გამოყენების პირობები