საქართველოში საწვრთნელი ცენტრის ამოქმედებაში 12-ზე მეტი ალიანსის მოკავშირე ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ განცხადება ნატოს გენერალურმა მდივამა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გააკეთა. შეხვედრა ბრიუსელში თავდაცვის მინისტრების დონეზე მიმდინარეობდა.
სტოლტენბერგის თქმით, ცენტრი, რომელშიც წვრთნას ერთად გაივლიან ალიანსის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ნატოსთვისაც. კომისიის სხდომის შემდეგ ასევე გაკეთდა ერთობლივი განცხადება „საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში მიმდინარე პოზიტიური ძვრების“ შესახებ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისადმი მხარდაჭერა, დაგმო რა რუსეთის მიერ საქართველოში გადადგმული ნაბიჯები.
სტოლტენბერგის თქმით, ნატო შეშფოთებულია კრემლის მიერ აფხაზეთთან თანამშრომლობის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებით და სამხრეთ ოსეთთან მსგავსი შეთანხმების გეგმებით. ალიანსის გენერალურმა მდივანმა რუსეთს მოუწოდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და უკან წაიღოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
მასალის გამოყენების პირობები