ამნისტიით გათავისუფლებულთა რიცხვი 5 ათასამდე გაიზრდება. 10 დღეში კი ყველა, ვისაც გათავისუფლება შეეხო, საპყრობილეს დატოვებს , - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა "მეცხრე არხის" ეთერში განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ამნისტიით უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა, დანარჩენი ნაწილი კი ციხეებს უახლოეს პერიოდში დატოვებს.
"ვფიქრობ, ის ადამიანები, ვისაც ამნისტიით გათავისუფლება შეეხო, ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში დატოვებენ საპყრობილეებს. პროცესები ჩქარი ტემპით მიდის. დღეში დაახლოებით 500 პატიმარი თავისუფლდება. მას შემდეგ, რაც ყველა, ვისაც გათავისუფლება შეეხო, დატოვებს ციხეებს, სასამართლოები სხვა ამნისტირებულების საქმეებს განიხილავენ, ვისაც სასჯელის შემსუბუქება შეეხო", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ამნისტიის პროექტის ამოქმედებისას, ცნობილი იყო, რომ დაწესებულებებს 3 ათასამდე პატიმარი დატოვებდა.
მასალის გამოყენების პირობები