თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ბრალი დაუმძიმდა. როგორც ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების შინაარსი არ შეცვლილა, უბრალოდ, ბრალდების მუხლები დაამძიმეს, კერძოდ, გიგი უგულავას ბრალი ედებოდა 333 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. დღეს კი მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, მას ახალი მუხლები დაუმატეს. კერძოდ, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 194-ე მუხლებზე.
"ამას აქვს ერთადერთი მოტივაცია, რომ ისინი შევიდნენ სასამართლოში გიორგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით. მოგეხსენებათ პატიმრობის 9-თვიანი ვადა გიგი უგულავას გასდის 2 აპრილს და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით, პროკურატურა აპირებს, რომ გიგი უგულავა კვლავ იმყოფებოდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში", - განაცხადა ბასილაიამ. მისივე თქმით, საქმე ეხება მთაწმინდის პარკს.
"მოგეხსენებათ, მთაწმინდის პარკი იმყოფება ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის საკუთრებაში უკვე წლებია. აქედან გამომდინარე, მთელი ამ ბრალდების წარდგენის მოტივაცია არის ერთადერთი, რომ უგულავა კვლავ პატიმრობაში ამყოფონ", - განაცხადა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარე გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს სავარაუდოდ, დღეს მიმართავს
მასალის გამოყენების პირობები