ვაზიანში მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიაში მონაწილე 43-ე ბატალიონის გაცილების ცერემონიალი გაიმართა.
ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგადაც მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და ევროპაში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილემ, გენერალმა ნორმან ქულინგმა, რომელიც ცერემონიალზე დასასწრებად თბილისში სპეციალურად ჩამოვიდა. მათ ქართველ სამხედროებს მისიის წარმარტებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვეს.
გაცილების ცერემონიალის დასასრულს პირადი შემადგენლობა შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა მამა დავითმა დალოცა.
შეირაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მე-5 ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი სამხედროები 6 თვის განმავლობაში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად სრული სპექტრის ოპერაციებს განახორციელებენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.
ქართველმა სამხედროებმა მისიაში ჩართვისათვის რამდენიმეთვიანი სწავლების კურსი გაიარეს.
მასალის გამოყენების პირობები