ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურთან ერთად 4 მოქალაქე დაუბეგრავი მინიმუმის უკანონოდ მიღების ფაქტზე დააკავა. 5 მოქალაქის წინააღმდეგ კი დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.
უწყების ცნობით, აღნიშნული პირები დაუბეგრავი მინიმუმის აღებას თაღლითური ქსელით აპირებდნენ. ამ საქმეში მათ 1700-ზე მეტი ადამიანი ჰყავდათ ჩართული. საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზიანმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი შეადგინა.
"გამოძიებით დადგენილია, რომ ფაქტობრივად არაფუნქციონირებადი საწარმო - შპს „პრო მაშინი“-ს ბუღალტერი ნანა მ. მისი ყოფილი მეუღლე გრიგოლ ძ. და მათი მეგობარი ზურაბ ვ. ე.წ. „დაუბეგრავი მინიმუმი“-ს პროგრამის ამოქმედების შემდეგ განზრახ, ყალბი მონაცემების შეტანით აკორექტირებდნენ საწარმოს გასული წლის დეკლარაციებს, რითაც ფიქტიურად დასაქმებულად აჩვენებდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქეს.
ამის შემდეგ, ამ მოქალაქეების სახელით, შემოსავლების სამსახურის ვებ.გვერდიდან აგზავნიდნენ დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის შესახებ დეკლარაციებს და ამ გზით ბიუჯეტიდან უკანონოდ იღებდნენ ე.წ. „დაუბერგავი მინიმუმი“-ს სახელმწიფოს კუთვნილ თანხას", - განაცხადეს უწყებაში.
საქმის დეტალებზე სამინსიტროში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო და შემოსავლების სამხურების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მათ აღნიშნეს, რომ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო უწყებას არ აქვს გადაწყვეტილი, თუ რა ბედი ეწევა იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც აღნიშნულ სქემაში იყვნენ ჩართული.
მასალის გამოყენების პირობები